ძებნა
მომხმარებელი:
პაროლი:
შესვლა

როგორ შევადგინოთ რეზიუმე?

მოკლედ ჩემს შესახებ - ლილი ბიბილაშვილი

განათლება: 

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (საქართველო, თბილისი)
  • ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაკრობინსონის ბიზნესის კოლეჯი (აშშ, ჯორჯია, ატლანტა)
  • ბელფასtის უმაღლესი განათლების ინსტიტუტი (ინგლისი, ჩრდ. ირლანდია, ბელფასტი) 
  • საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (საქართველო, თბილისი)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო, თბილისი)
     

გამოცდილება:

  • HR პროფესიონალთა გილდია - დირექტორი (2011 - დღემდე);
  • HR პროფესიონალთა კლუბი - დამფუძნებელი, გამგეობის თავჯდომარე (2004  -  დღემდე);
  • სს „ნიკორა“-ადმინისტრირებისა და პერსონალის მართვის დეპარტამენტის დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (2006 ოქტომბერი – 2011 ოქტომბერი)
  • კავკასიის უნივერსიტეტი - პერსონალის მართვის დეპარტამენტის დირექტორი (2000 – 2011)
  • კავკასიის ბიზნესის სკოლა (კავკასიის უნივერსიტეტი) - დასაქმების ცენტრის დირექტორი - (2000 –2008)
  • ფონდი „კონსტანტა“- პერსონალის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – (2003  - 2005)
  • სს ბაზისბანკი - პერსონალის მართვის დეპატრამენტი – კონსულტანტი  - (2005 – 2006)
  • შპს „ნიკორა“ - პერსონალის მართვის დეპატრამენტი – კონსულტანტი  – (2004 - 2006)
  • სს ბანკი „რესპუბლიკა“ -პერსონალის მართვის დეპატრამენტი –კოორდინატორი – (2002 –2003)
  • შპს. „ჯეოინჟინირინგი“ - პერსონალის მართვის დეპატრამენტი – მენეჯერი  - (2000 –2002)
  • კავკასიის უნივერსიტეტი (კავკასიის ბიზნესის სკოლა, კავკასიის მედიიდს სკოლა ) - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები - ასისტენტ - პროფესორი (საგნები: პერსონალის მართვა, პერსონალის შერჩევა-დაქირავება) (1998 – დღემდე)
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები - ასოცირებული პროფესორი (მოწვეული) (საგანი: კადრების მართვა) - (2008 – 2010)
  • თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტი (თსუ) - საბაკალავრო პროგრამა - ასოცირებული პროფესორი (მოწვეული) (საგანი: კადრების მართვა) - 2008 –2009
  • თბილისის ეკონომიკის სახელმწიფო ინსტიტუტი - ასისტენტ - პროფესორი (მოწვეული) (საგნები: ტურიზმის ეკონომიკა, სასტუმროს მენეჯმენტი, ტურიზმის მარკეტინგი) (2001 –2002)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) - ასისტენტ - პროფესორი (საგნები: კადრების მართვა, ტურიზმის ეკონომიკა და მართვა) - (1990 – 2006)
  • საქართველოს პარლამენტი - ტრენერი - კადრების მართვა  - (ოქტომბერი, 1997 – ნოემბერი, 1997)
  • TACIS- ის სახელმწიფო მოხელეთა გადამზადების კოლეჯი - ექსპერტ-ტუტორი  - კადრების მენეჯმენტი -(1995 –1998)

ადამიანის რესურსების მიმართულებით წარმოებული საკონსულტაციო საქმიანობა სხვადასხვა ორგანიზაციებში, სხვადასხვა წლებში.


სასაუბრო თემა: რეზიუმე

ადამიანის ცხოვრებაში სამსახურს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. იგი ჩვენი  ყოფის შემადგენელი ნაწილია და აქტიური ცხოვრების მნიშვნლოვან პერიოდს სწორედ იქ ვატარებთ. რა გასაკვირია, რომ სამუშაოზე მოწყობას განსაკუთრებული სერიოზულობით და ყურადღებით ვეპყრობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამუშაოს დაწყებისათვის გადაგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, როგორიცაა რეზიუმეს შედგენა, ზედმიწევნით მნიშვნელოვანი ქმედებაა. ფაქტიურად, იგი ჩვენი „სავიზიტო ბარათია“ იმ კომპანიაში, სადაც გვსურს მუშაობის დაწყება და აქედან გამომდინარე,  სათანადო ყურადღებასა და კარგად მომზადებას საჭიროებს.  ეს ხომ სწორედ ის დოკუმენტია, რომლითაც ჩვენ თავს წარვუდგენთ პოტენციურ დამსაქმებელს და პირველ შთაბეჭდილებას ვახდენთ მასზე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დამსაქმებელი ჩვენს შესახებ ინფორმაციას  პირველად, რეზიუმედან იგებს და ამდენად, ყოველი სიტყვა, ფრაზა თუ განაცხადი ჩვენი ცხოვრების ამათუიმ პერიოდის შესახებ, უნდა იყოს ინფორმაციატევადი, მაგრამ მოკლე, ლაკონური და რაც მთავარია, კავშირში უნდა იყოს გამოცხადებულ ვაკანსიასთან. ვინაიდან, ყოველ შესავსებ პოზიციაზე დაახლოებით, 50 -დან 5000 -ი და მეტი (გააჩნია პოზიციას, კომპანიას და შრომის  ბაზარზე არსებულ სიტუაციას) განაცხადი შედის ორგანიზაციაში. ხშირ შემთხვევაში, დაწესებულებაში რამოდენიმე ვაკანტური თანამდებობაა და ხომ წარმოგიდგენიათ, დღეში რა რაოდენობის რეზიუმეების გადარჩევა უწევს რეკრუტინგის განყოფილების თანამშრომელს. ამიტომ,  რეზიუმეში მითითებული ყოველი ზედმეტი, გამოუსადეგარი ინფორმაცია რეკრუტორის გაღიზიანებასა და უკმაყოფილებას იწვევს.იმისათვის, რომ ჩვენი რეზიუმე არ „გაიფანტოს“ და ყურადღების მიღმა არ დარჩეს საჭიროა, რაც შეიძლება „თვალშისაცემი“, საინტერესო, კარგად გაფორმებული, ლაკონური და საქმიანი დოკუმენტი წარვუდგინოთ ორგანიზაციას, რათა თავიდანვე ყურადსაღებ კანდიდატად ვიქნათ მიჩნეული. 

ჩემს 15 წლიან პრაქტიკაში, საკმაოზე მეტი  კურიოზული და „სავალალო“ (მეცინა თუ მეტირა არ ვიცოდი) რეზიუმეები შემხვედრია. აღარ ვლაპარაკობა იმ „გასაოცარ“ ფოტოგალერეაზე (ხესთან, სუფრასთან, სასტუმროს კიბეებზე, მეგობარი ქალის მკლავთან, შადრევანთა და ა. შ გადაღებული სურათები), რომელიც ზოგჯერ ახლავს რეზიუმეებს და ალბათ უხვად გააჩნია, ყველა ორგანიზაციის რეკრუტინგის განყოფლების თანამშრომლებს. აქვე მინდა გითხრათ, რომ ფოტოსურათის თანდართვა არ არის აუცილებელი, თუ იგი ორგანიზაციის მოთხოვნა არ არის.

მოდით ვნახოთ, როგორი რეზიუმეა მისაღები დამსაქმებლისათვის და რა უნდა იქნას გათვალისწინებული მისი შექმნისას. მივყვეთ და თანმიმდევრობით განვიხილოთ ყველა საკითხი, რომელიც რეზიუმეს ეხება. დავიწყოთ იქიდან, რომ

  1. სასურველია რეზიუმე იყო 2 ფურცლიანი (მაქსიმუმ);
  2. შრიფტის ზომა -  სასურველია იყოს 11;
  3. სასურველია, რეზიუმე აკრეფილი იყოს „AcadNusx“ - ში (ქართული) და Times New Roman- ში (ინგლისური);
  4. რეზიუმეში მიწოდებული ინფორმაცია არ უნდა შეიცავდეს იმ საკითხებს თუ მოვლენებს, რომელიც არ ეხება არსებულ ვაკანსიას. მაგალითად, თუ ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე, არ არის საჭირო რეზიუმეში მითითებული იყოს რუსულ თუ ინგლისურენოვან საბავშვო ბაღსა თუ საბალეტო სკოლაში სწავლის შესახებ;
  5. რეზიუმე არ უნდა იყოს სხვადასხვა შრიფტში აკრეფილი და მით უმეტეს, არ უნდა იყოს  სხვადასხვა ფერით შეფერილი.  (არ იფიქროთ ეს ხუმრობა იყოს. მართლა მქონდა შემთხვევა, როდესაც კანდიდატმა ცისარტყელას ფერები გამოიყენა, შრიფტი ისეთი აერჩია ყველაზე უგემოვნო საქორწილო მოსაწვევებზეც კი არ მინახავს და ამგვარად აფერადებულ-აალებულ-აჭრელებული რეზიუმე გამოაგზავნა. დღემდე მაქვს შენახული ეს რეზიუმე, როგორც ნიმუში, თუ როგორი არ უნდა  იყოს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს რეზიუმე);

გრაფაში „ზოგადი ინფორმაცია“:

1. აუცილებელია თვალსაჩინო ადგილას იქნას განთავსებული პირადი მონაცემები:

  • სახელი, გვარი,
  • ელექტრონული მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში),
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი/ები, სასურველია ბინისაც,
  • საცხოვრებელი ბინის მისამართი;

2. არ არის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება ოჯახური მდგომარეობის შესახებ;
3. არ არის აუცილებელი დაბადების წელისა და დაბადების ადგილის მითითება;
კანდიდატის შეფასებისას, განათლება ერთ-ერთი მნიშნველოვანი კრიტერიუმია.

გრაფაში „განათლება“:

  1. არ არის სავალდებულო საშუალო სკოლის მითითება, თუ ეს არ აძლიერებს თქვენს კონკურენტუნარიანობას. მაგალითად,  მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსიაზე, არ იქნება ურიგო იმის მითითება, რომ  დამთავრებული გაქვთ  სპეციალიზირებული მათემატიკური სკოლა;
  2. აუცილებელად უნდა იყოს მითითებული უმაღლესი თუ სპეციალური ტექნიკური  სასწავლო დაწესებულების სრული დასახელება (და არა მხოლოდ აბრევიატურა), ადგილმდებარეობა  და სწავლის პერიოდი;
  3. ასევე, განათლების კრიტერიუმის "გამაძლიერებელია“  გავლილი ტრენინგები, კურსები, სემინარები და ა.შ.. ისევე როგორც ძირითადი სასწავლო დაწესებულების დასახელებისას, ტრენინგების შემთხვევაშიც, მითითებული უნდა იყოს ორგანიზაცია, მისი მისამართი, სატრენინგო თემა და ტრენინგის ხანგრძლივობა. რიგ შემთხვევაში, ტრენინგისა თუ სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ტიპი (დიპლომი, სერთიფიკატი და ა.შ.) და დოკუმენტის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  4. თუ კანდიდატს სხვადასხვა მიმართულების ტრენინგები აქვს გავლილი (მაგალითად, მარკეტინგში, ფინანსებში, დროის მართვასა და ა.შ.), სასურველია მხოლოდ ისინი მიუთითოს, რომელიც მოცემული ვაკანსიისთვის არის მნიშვნელოვანი (თუ ეს არ არის ისეთი  პოზიცია, რომლისთვისაც პოზიტიური იქნება  ინფორმაცია მრავალფეროვანი ტრენინგებისა თუ სწავლების შესახებ). ვინაიდან, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კანდიდატი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული და არ იცის, თუ რომელი მიმარულებაა მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი, სად უნდა თავის დამკვიდრება.

გამოცდილება.  ყოველთვის (გარდა საწყისი დონის ვაკანსიებისა), უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კანდიდატის სამუშაო ისტორიას. ზოგჯერ მას განათლებაზე ბევრად მაღალი შეფასების კოეფიციენტიც კი ენიჭება. ამ უკანასკნელს  იმ შემთხვევაში აქვს ადგილი, თუ რომელიმე ვაკანტურ პოზიციაზე ვერ მოითხოვება შესაბამის აკადემიური განათლება, ამაგვარის არ არსებობის გამო. მაგალითად, ლოჯისტიკის მენეჯერი (ჯერ-ჯერობით, მე არ შემხვედრია ლოჯისტიკის სპეციალობა უმაღლეს სასწავლებელში). ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ გავლილი კურსები, ტრენინგები, სემინარები და ა.შ. არის ყურადსაღები (განათლების კუთხით), ხოლო წამყვან და საკვანძო კრიტერიუმად  გამოცდილება მიიჩნევა. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, გამოცდილება არის ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი, რომელსაც დამქირავებელი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ნებისმიერ შემთხვევაში.  გამოცდილების გრაფაში არსებული ინფორმაციიდან, არამარტო ნამუშევარი წლებია ყურადსაღები, არამედ ორგანიზაციის ტიპი, კარიერული ბილიკი და ა.შ..

გრაფაში „გამოცდილება“:
 

  1. სასურველია, გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დავიწყოთ ბოლო სამუშაო ადგილიდან და წავიდეთ წარსულისკენ ქრონოლოგიური თანამიმდევრობით;
  2. სამუშაო ადგილის მითითებისას საჭიროა დასახელებულ იქნას ორგანიზაციის სრული სახელწოდება, ადგილმდებარეობა, საქმიანობის სფერო;
  3. აუცილებელია დასახელდეს დაკავებული თანამდებობა და აღწერილი იყოს საქმიანობა, რომელსაც ეწეოდა/ეწევა კანდიდატი მოცემულ კონკრეტულ სამუშაო ადგილზე;
  • ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები, რომელსაც მითითებულ პოზიციაზე ასრულებდა/ასრულებს კანდიდატი,
  • დამატებითი სამუშაოები, რომლის შესრულებაც უწევდა/უწევს კანდიდატს.

გრაფაში „დამატებით ინფორმაცია“ მითითებული უნდა იყოს:

  1. საოფისე პროგრამების ცოდნის შესახებ (ასეთის საჭიროების შემთხვევაში),
  2.   უცხო ენების ჩამონათვალი და მათი ცოდნის ხარისხი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
  3. ავტომობილის მართვის უფლებისა და კლასის (A,B,C  და ა.შ.) შესახებ (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
  4. და სხვ.


კიდევ ერთი საინფორმაციო პუნქტია - გრაფა  „ინტერესები“.
და ბოლოს, გრაფაში „რეკომენდაცია“  მითითებული უნდა იყოს რეკომენდატორის/ების

  • სახელი, გვარი,
  • სამუშაო ადგილი,
  • თანამდებობა,
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი,
  • ელ. მისამართი.

რეზიუმეში მოცემული ინფორმაცია კარგად უნდა იყოს შეფუთული, მაგრამ დაუშვებელია ინფორმაციის გაზვიადება და მით უმეტეს არასწორი, ტყუილი ინფორმაციის მიწოდება.

რაც შეეხება რეზიუმეს დიზაინს, ეს გემოვნების საკითხია, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული, ყოველი მიწოდებული ინფორმაცია ადვილად აღსაქმელი და ერთმანეთისგან გამოყოფილი უნდა იყოს.
მერწმუნეთ, მოთხოვნილი წესების დაცვით  ჩამოყალიბებული რეზიუმე, კარიერული წარმატებისკენ გადადგმული ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. იგი გვაძლევს შანს შევხვდეთ კომპანიის წარმომადგენელს და წარმოვაჩინოთ საკუთარი უნარები და ცოდნა. არ დავკარგოთ შესაძლებლობა მოვიპოვოთ სანუკვარი თუ საჭირო სამუშაო ადგილი.
აღსანიშნავია, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნული, რეზიუმეს შედგენასთან დაკავშირებული ზოგადი წესებია. თუმცა, შესაძლებელია დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილი იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც ძირითადად, არ არის აუცილებელი რეზიუმესათვის. მაგალითად, ინფორმაცია ოჯახური მდომარეობის, საშუალო სკოლის, ხშირი მივლინებებისადმი დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულების, სამეცნიერო ნაშრომთა, კანდიდატის მიერ მოთხონილი სასურველი მინიმალური ხელფასის რაოდენობის შესახებ და ა.შ.

დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილი ინოფრმაციის არ მიწოდება და უგულვებელყოფა, არ იძენს პოზიტიურ ელფერს და ნაკლოვან მხარედ მიიჩნევა ორგანიზაციის წამომადგელის მიერ. ვინაიდან, იგი უყურადღებობის ნიშნად მიიჩნევა და ჩნდება ალბათობა იმისა, რომ არ იქნას განხილული თქვენი მონაცემები არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე.  

კანდიდატის შესახებ დადებითი წარმოდგენის შექმნას ვერ უწყობს ხელს რეზიუმეში დაშვებული ორთოგრაფიული, თუ გრამატიკული შეცდომები. აუცილებელია, რომ აღნიშნული დოკუმენტი გაგზავნამდე რამოდენიმეჯერ გადაიკითხოთ და საჭიროების შემთხვევაში, სთხოვოთ ოჯახის წევრს ან მეგობარს გადაავლოს თვალი რეზიუმეს, რათა არ იყოს  გაპარული შეცდომა. ეს თავიდან აგაცილებთ იმ უხერხულობას, რასაც იწვევს ზემოთ აღნიშნული ხარვეზების არსებობა თქვენს რეზიუმეში.

ასევე, ჩემი რჩევაა, რაც არ უნდა სანუკვარი და სასურველი იყოს ორგანიზაცია (როგორც დამსაქმებელი), ნუ გააგზავნით რეზიუმეს ყველა ვაკანსიაზე, რომელსაც ორგანიზაცია აცხადებს  - ეს იქნება ბებია ქალისა თუ ფინანსისტის, ბუღალტრისა თუ ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის და ა.შ.. ეს, რბილად რომ ვთქვათ, არ არის კარგი ტონი.
გახსოვდეთ, აუცილებელია რეზიუმეს გაგზავნამდე დაადგინოთ:

  • რამდენად აკმაყოფილებთ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
  • რამდენადაა თანხვედრილი თქვენი  და მოცემული დაწესებულების ღირებულებები ერთმანეთს;
  • რამდენად მისაღებია ის ორგანიზაციული კულტურა, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია კომპანიაში და აუცილებლად მისაღები იქნება  აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობის დაწყების შემთხვევაში.

ძვირფასო მეგობრებო, გაიგეთ მეტი ორგანიზაციის შესახებ. აწონდაწონეთ კომპანიისა და თქვენი მოთხოვნები, შეაჯერეთ და დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში, მოამზადეთ რეზიუმე სწორედ ამ კომპანიისთვის. აღნიშნულ დოკუმენტში გაითვალისწინეთ დამსაქმებლის ყოველი მოთხოვნა და თქვენ შეძლებთ კარიერაში წარმატების მისაღწევ გზაზე არსებული ერთ-ერთი ბარიერის გადალახვას და საბოლოო გამარჯვებისკენ მიმავალ ბილიკზე თამამად გააგრძელებთ გზას.


გისურვებთ წარმატებებს.


ლილი ბიბილაშვილი
შპს. „ერიჩარ პროფესიონალთა გილდიის“ დირექტორი
კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი